პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ექვსი პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ექვსი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და ექვსი პირი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი.

ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ რ.რ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ,,აკსის“ და „აკმის“ მოდელების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ორი მჭიდი და 30 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული ზ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „აკს 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, გამომშრალი „მარიხუანა“.

1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ხ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად – 1962 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და სამი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.