პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ცხრა პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ცხრა პირი, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და რვა ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი, თავიდან მოშორების მიზნით, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1984 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული კ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო: გადაჭრილი სანადირო თოფი, ორი ვაზნა და ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“, ხოლო კ.ჭ.-ის საცხოვრებელი სახლის და ეზოში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გამომშრალი „მარიხუანა“.
ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე სახელმწიფო ნაკრძალში უკანონო ნადირობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 ვაზნა, სანადირო თოფი, აგრეთვე ბრალდებულის მიერ ნანადირევი იშვიათი ჯიშის კავკასიური ჯიხვი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ერთი ვაზნა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1978 წელს დაბადებული მ.დ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ორი მჭიდი და 66 ვაზნა.
რაც შეეხება 1969 წელს დაბადებულ რ.ი.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რ.ი.-ს მიერ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და რვა ვაზნა. დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე და 301-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.