შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ, ორი კი მხილებულია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. თბილისში დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ჯ.ბ. ავტომობილით მოძრაობისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ზ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ორი პისტოლეტი, ორი მჭიდი და შვიდი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირი: 1980 წელს დაბადებული შ.კ. და 1986 წელს დაბადებული ლ.ჭ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 13 ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 1952 წელს დაბადებული ს.ლ. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 523 ვაზნა, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, ხუთი ამფეთქი ფალია, მჭიდი, „ტროტილი“, კაფსულ-დეტონატორი და სასიგნალო პისტოლეტი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1981 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. და 1959 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რევოლვერი, პისტოლეტი, 13 ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. პოლიციამ 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.გ.-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, ორი სანადირო თოფი და 44 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1974 წელს დაბადებული ს.ა.-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ორი სანადირო თოფი და ორი ხელყუმბარა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1949 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონული და ფოთის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხი პირი – 1960 წელს დაბადებულ თ.ქ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1970 წელს დაბადებული კ.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, ორი პირი კი ამხილეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ერთი რევოლვერი, 47 ვაზნა, ხელყუმბარა და მჭიდი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი – წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული ლ.ლ., 1969 წელს დაბადებული ს.წ. და 1970 წელს დაბადებული ზ.პ. დააკავეს.
ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ორი სანადირო თოფი, სამი მჭიდი, 100 ცალი ვაზნა, ორი ხელყუმბარა და სამი ამფეთქი ფალია.
ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ხაშურისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირზე: 1999 წელს დაბადებულ რ.ც.-ზე, 1980 წელს დაბადებულ ლ.ც.-ზე, 1981 წელს დაბადებულ დ.გ.-სა და 1960 წელს დაბადებულ ე.გ.-ზე.
პოლიციის მიერ მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, ორი მჭიდი, ხელყუმბარა და 282 ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი და ხუთი ვაზნა ამოიღეს.
ამავე პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და შვიდი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.