პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღო,  დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღო,  დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ. დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.