პოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,  -აცხადებენ შსს-ში.