პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის – 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ – 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა – მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან – პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ავტომანქანის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.