შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.