პოლიციამ საგარეჯოში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული – ხ.ხ.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი – 1984 წელს დაბადებული ი.ხ.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.