პოლიციამ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული“,- აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.