პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაკითხვისას დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი ქურდობაც აღიარა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.