პოლიციამ რუსთავში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა, დაკავებულია არასრულწლოვანი
პოლიციამ რუსთავში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა, დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ ხუთი ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა.

მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.