შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული – 130 ლარი გასტაცა.
„ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.
პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.