პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.