პოლიციამ ქუთაისში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.