შსს-მ ორი პირი დააკავა, რომლებმაც ველოსიპედში 268 აბი „სუბუტექსი“ მოათავსეს და იტალიიდან ფოსტით გამოგზავნეს
პოლიციამ, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.კ. და ზ.შ. დააკავა, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს, – ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ჭელიძემ რამდენიმე გახსნილი საქმის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ან ნარკოტიკების ფოსტის საშუალებით გადაზიდვის შემთხვევებზე.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს.
„სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, აღნიშნავენ შსს-ში.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.