პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ. მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია „აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის – თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ და „ბ“, და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.