პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში ნაცნობი, 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს.
„ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.