შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.
დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ ოთხი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს.
პოლიციამ ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.