შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი – 1972 წელს დაბადებული ვ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.