პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 2019 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი – 1972 წელს დაბადებული ბეჟან გვაზავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ზუგდიდის სასამართლომ ბეჟან გვაზავა დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.