შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1963 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გ.კ. 2004 წელს თბილისში ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის, ,,დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. დაკავებული გ.კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.