სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ლ.ნ.-მ (მეტსახელად „ჭინტორა“) და წარსულში გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები. ამის შემდეგ ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000 ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ.
სამართალდამცველებმა ლ.ნ. და რ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს – ვ.ს.-ს, იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს.