პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.