პოლიციამ ბათუმში ველოსიპედების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და არაერთ ქურდობაში მხილებული ნ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილ 26 ველოსიპედს უკანონოდ დაეუფლა. პოლიციამ მოპარული ველოსიპედების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. სამართალდამცველებმა ნ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.