პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა., ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ქალაქ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა.
მათვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ მიერ ქალაქ ბათუმში ჩადენილი არაერთი ბინის ქურდობის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლებით.