პოლიციამ ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს დაბადებულ პ.ს.-ს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.