შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის – 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.
გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.