პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.კ. სოფელ გონიოში დააკავეს.
„ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი, 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.