პოლიციამ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ 204 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ მიაწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული. მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.