პოლიციამ 2020 წლის დეკემბერში თბილისში დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ორი პისტოლეტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა.
ა.დ.-სა და გ.ღ.-ს 2021 წლის 15 იანვარს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მათ მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.