პოლ რაიანი - ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრია, ვიდრე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი პოლ რაიანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრი და ნაკლებად გულუბრყვილოა, ვიდრე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა. რაიანის თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ის არ უნდა ჩაერიოს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში. ამის შესახებ პოლ რაიანმა პრაღაში ტელეკომპანია Настоящее Время-სთან ინტერვიუში განაცხადა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევებისა და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ. პოლ რაიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის ქმედებებს ადეკვატურ პასუხად და დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოვლინებად მიიჩნევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. რაიანი იზიარებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული პუტინის გარემოცვის და არა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.