რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციას, რომელმაც ამერიკელ პოლიტიკურ ელიტაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.
„არ არსებობს რაიმე ეჭვი იმისა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი არ ჩაერია და დღემდე განაგრძობს დემოკრატიის განვითარებისთვის ხელის შეშლას როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ამერიკელი სპეცსამსახურების დასკვნა, არამედ წარმომადგენელთა პალატის მუშაობის შედეგია. პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს და დემოკრატიაზე თავდასხმა შეწყვიტოს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა.
ჰელსინკიში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა.