პოლ პოგბას გარშემო ყოველთვის იყვნენ ბანდიტები - მათ ფეხბურთელის ნათესავს ხელში ესროლეს, გაძარცვეს მატიას პოგბა და გადაწვეს პოლის დედის სახლი #1TVSPORT
„იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას ძმამ განაცხადა, რომ ფეხბურთელის გარემოცვაში ყოველთვის ტრიალებდნენ ბანდიტები. ის ამტკიცებს, რომ პოლი გარიგებაში იმყოფებოდა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან.
ამ მომენტისთვის მატიას პოგბა დაკავებულია. მის „ტვიტერში“ გამოქვეყნდა 30 ვიდეო, რომელშიც ის დაწვრილებით ყვება ბრალდებებს ძმის მისამართით.
ფეხბურთელის უფროსმა ძმამ დააზუსტა, რომ ეს შეტყობინებები წინასწარ იყო მომზადებული – იმ შემთხვევისთვის, თუ ის თავად ვერ შეძლებდა მათ გამოქვეყნებას.
„ბევრი შოკირებული დარჩება. მათ გაუჭირდებათ დაჯერება, მაგრამ ეს სიმართლეა. აი, რატომ არის დღეს ჩვენი ოჯახი საფრთხის ქვეშ. ჩემი ძმის გარშემო ყოველთვის დამნაშავეები იყვნენ.
ეს რომ უბრალო მეგობრობა ყოფილიყო, ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ ის იყენებდა ამ ურთიერთობას, რათა საკუთარი თავი დაეცვა და მათთან ერთად შავბნელი საქმეები ეწარმოებინა.
მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი იქამდე, სანამ მან თავის თანამზრახველებს არ უღალატა და გაიქცა. ამით მან მიგვაგდო დედა და მე და ბედის ანაბარა დაგვტოვა. ჩვენ ამ ბანდიტების სამიზნე გავხდით.
ჩვენ ნათესავს უკვე დაესხნენ თავს. ერთს ხელშიც კი ესროლეს, რათა პოლის ყურადღება მიეპყროთ (ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტი დადასტურებულია პოლიციის მიერ).
თავად მე ძარცვის მსხვერპლი გავხდი, დედაჩემის სახლი კი გადაწვეს. ჩვენ არ მივმართეთ პოლიციას, რადგან მათი მხრიდან შურისძიების გვეშინოდა“, – წერს მატიას პოგბა.