პოლ პოგბა - თავს ისევ ფეხბურთელად ვგრძნობ და ძალიან მინდა დაბრუნება #1TVSPORT
ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დისკვალიფიცირებულმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას.
ფრანგი ფეხბურთელი თებერვალში დასაჯეს ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით. 31 წლის პოგბას დოპინგტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ტესტოსტერონზე. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეხბურთელის ციტატა: „ყველაფერი დასრულებულია, მე მკვდარი ვარ. პოლ პოგბა აღარ არსებობს“.
„თუ თქვენ არ გინახავთ ვიდეო, სადაც მე ვამბობ, რომ ფეხბურთის თამაში დავასრულე, ეს იმიტომ, რომ ჯერ ისევ ფეხბურთელი ვარ. მე ჯერ აქ ვრჩები და პოზიტიურად ვარ განწყობილი. მაქვს შესაძლებლობა, ვებრძოლო უსამართლობას.
არ ვიცი, ნახეთ თუ არა ინტერვიუ მთლიანად. მათ მხოლოდ მისი ნაგლეჯი გამოიტანეს, სადაც სათქმელი არც კი მაქვს დამთავრებული. არასოდეს მითქვამს, რომ პოგბა აღარ არსებობს. პოგბა აქაა.
ჯერ ისევ ვგრძნობ თავს ფეხბურთელად. ვვარჯიშობ. ასეთ მომენტებში პოზიტიურობა უნდა შევინარჩუნო. ბევრ დროს ვატარებ ოჯახთან და ვუყურებ, როგორ იზრდებიან ბავშვები. არ ვარ დაკავებული საყვარელი საქმით – ფეხბურთით, მაგრამ ძალიან მინდა დაბრუნება. თავს ბავშვად ვგრძნობ, რომელსაც უნდა გახდეს პროფესიონალი.
ბოლო ამბების მიხედვით, მე კვლავ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვარ. ვფიქრობ, ღირს მათთან დალაპარაკება. მე მაქვს კონტრაქტი, მაგრამ არ მილაპარაკია არც მენეჯერთან და არც მწვრთნელთან. მიმაჩნია, რომ ისინი ელოდებიან აპელაციის შედეგებს. დანარჩენი მათ ჰკითხეთ“, – განაცხადა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა Sky Sport-თან ინტერვიუში.