პოლ მანაფორტს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის ფარგლებში დაკითხავენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერ პოლ მანაფორტს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის ფარგლებში 31 ივლისს დაკითხავენ. მიუხედავად იმისა, რომ მანაფორტს ფინანსური მაქინაციები ედება ბრალად, იგი პროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში მაინც დაიკითხება.
პროფესიით იურისტი პოლ მანაფორტი ვირჯინიის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თითქმის ორი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მანაფორტს ბრალად ედება ფულის გათეთრება, უცხოური ლობირება ფედერალური კანონის დარღვევით. კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრორუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობა და უცხოურ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვა.
ამავდროულად, 8 ივნისს პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა. სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მანაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნესპარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ აღნიშნული საქმის გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.