პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი დობრიაკი აცხადებს, რომ სამოქალაქო პირებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე პოკროვსკის მოსახლეობას ევაკუაციისთვის მხოლოდ ერთი-ორი კვირა დარჩა. ამის შესახებ განცხადება ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი დობრიაკმა გააკეთა.
როგორც „როიტერი“ წერს, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის ფრონტი აღმოსავლეთ უკრაინაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლების ზონად რჩება. გასულ კვირას ამ ქალაქთან შეტაკებების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
რუსული სამხედრო ძალები ბოლო თვეების განმავლობაში თანდათანობით მიიწევდნენ წინ პოკროვსკის მიმართულებით. გასული კვირის მონაცემებით, ისინი ქალაქის გარეუბნებიდან მხოლოდ ათ კილომეტრზე იმყოფებოდნენ. როგორც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი დობრიაკი აცხადებს, სამოქალაქო პირებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია. მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეში, სულ მცირე, 1 000 ადამიანის ევაკუაციის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამჟამად ტერიტორიას ყოველდღიურად მხოლოდ 500-600 ადამიანი ტოვებს.
რეგიონის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა ტელეგრამში განაცხადა, რომ პოკროვსკსა და მიმდებარე დასახლებებში დაახლოებით 53 000 ადამიანი, მათ შორის თითქმის 4 000 ბავშვი რჩება. მისივე თქმით, პოკროვსკის რაიონში 20 აგვისტოდან დაიწყება იმ ოჯახების იძულებითი ევაკუაცია, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში 145 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან 45 მხოლოდ პოკროვსკის მიმართულებით. კიდევ 24 შეტაკება მოხდა ტორეცკის რაიონში, პოკროვსკიდან დაახლოებით 47 კილომეტრში, სადაც რუსეთის შეტევა ასევე გაძლიერდა.