პლიაჟის ფეხბურთი – სპორტის სახეობაა, რომელიც ფიფას მიერ შემუშავებული წესებით იმართება. შეჯიბრი ტარდება ქვიშიან მოედანზე. მნიშვნელობა ენიჭება ბურთის ფლობის ტექნიკას, კოორდინაციას, ფიზიკურ ამტანობასა და არასწორ ზედაპირზე სწრაფად გადაადგილების უნარს. მოედნის სიგრძე 37 მეტრია, სიგანე – 28 მეტრი. პატარა სივრცე მოთამაშეებს გოლის გატანის საშუალებას თითქმის ნებისმიერი წერტილიდან აძლევს, კარიდან კარშიც კი. გოლები საკმაოდ ეფექტური გამოდის. ერთ თამაშში საშუალოდ 60-ჯერ ურტყამენ კარის მიმართულებით. ერთ მატჩში საშუალოდ 11 გოლი გადის.
პლიაჟის ფეხბურთს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. მაგალითად რომარიოს 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო აქვს მოგებული, ზიკო ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1995-სა და 1996 წლებში. მოთამაშე მწვრთნელის რანგში მსოფლიო პირველობა აქვს მოგებული ერიკ კანტონას.
მინსკის ევროპულ თამაშებზე პლიაჟის ფეხბურთელები მედლების ერთი კომპლექტისთვის იბრძოლებენ. რვა გუნდი ორ ჯგუფად იქნება გაყოფილი. გათამაშდება რვავე ადგილი. მონაწილე ქვეყნები არიან: ბელარუსი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი, შვეიცარია, უკრაინა, რუმინეთი.
მატჩები სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ოლიმპიისკიში“ ჩატარდება. პლიაჟის ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა თამაშების პროგრამაში.