პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარული სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კობახიძე უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ის კოლეგები შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომლებიც სხდომებს ან აცდენენ, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ.
სპიკერის თქმით, ეს პრაქტიკა მიუღებელია, რომელიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა.
„ერთ-ერთი მეთოდია სანქციები, რომელიც შეგვიძლია, ნოემბრიდან ავამოქმედოთ. ეს გასაკეთებელია იმისთვის, რომ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს როგორც სხდომებზე დასწრების კუთხით, ასევე არადაგვიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძე.
დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სადაც რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.