პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საკითხები ახლებურად დარეგულირდება
პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საკითხები ახლებურად დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხები ახლებურად დარეგულირდება.

რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა მოამზადეს, რომლის ინიცირებაც პირველი არხის ინფორმაციით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან “ოჯახური მდგომარეობის” შესახებ ჩანაწერის ამოღება მოხდება, თუმცა პროექტით საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, როგორიცაა პარლამენტის წევრის ავადმყოფობა და სამსახურეობრივი მივლინება, ემატება – “ოჯახის წევრის გარდაცვალება”, ოჯახის წევრის დაბადება და ავადმყოფობა, რაც საავადმყოფო ფურცლით უნდა იყოს დადასტურებული.

ამასთან, პროექტით კონკრეტდება, თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში, ესენი არიან – მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით ახალი რეგულაცია შემოდის, რომლის მიხედვით, კომიტეტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ყოველთვიურად გაუგზავნიან საოქმო ჩანაწერს სხდომაზე დეპუტატის დასწრების, დეპუტატის მხრიდან სხდომის გაცდენის და დეპუტატი დროებით შეცვლის თაობაზე.

ამასთან, პროექტით ზუსტდება, რომ ფრაქცია მის მიერ კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის თაობაზე წერილობით კომიტეტის ნაცვლად, კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობებს. რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის წევრი ვალდებული ხდება, პლენარულ სხდომაზე ჩატარებული თითოეული რეგისტრაცია გაიაროს. კერძოდ, პროექტით, თუ პარლამენტის წევრი დღის განმავლობაში ერთ რეგისტრაციას მაინც გაივლის, მას პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი დღის განმავლობაში ჩატარებულ სხვა რეგისტრაციებს არ გაივლის, მას რეგლამენტით დაკისრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„მოქმედი რედაქციით სხდომის გაცდენის ერთ-ერთ საპატიო მიზეზი „ოჯახური მდგომარებაა“. ვინაიდან, აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და იმის ზუსტად განსაზღვრა ვერ ხერხდება, თუ რა ითვლება კონკრეტულად „ოჯახურ მდგომარეობაში“ და რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, საჭიროა მისი დაკონკრეტება. დეპუტატების მიერ გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია, რისი მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კვორუმის პრობლემა ხშირად არის, რის გამოც სხდომები ან რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება, ან სხდომა ჩაშლილად ცხადდება. საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების დაწესებით დაიმუქრა.