პარლამენტში სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესახებ ოპოზიციური პარტიების ინიციატივაზე იმსჯელებენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კანონმდებლები 20 ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების სამპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სამპროცენტიანი ბარიერი მათთვის ბევრად მისაღებია.
„რასაკვირველია ეს ვარიანტი უკეთესია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ოცი ივნისის შემდეგ ხელისუფლება იძულებული იყო დათანხმებოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით და ეს ასახულიყო კონსტიტუციაში. ჩვენ ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროპორციული არჩევნები მივიღოთ”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მხარს ნულპროცენტიან ბარიერს დაუჭერენ.
„ეს პროცესი და ოპოზიციის რეაგირება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მათი მხრიდან მაინც კრიტიკას მივიღებთ. ამ პროცესების ყველაზე კარგი შემფასებლები არის მოქალაქეები, რომლებიც თავად დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.