უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავი, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან დასაცავად და მის მცდელობებს, რომ აღადგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა სტანომ.
მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას, თავდაცვის გარდა, აქვს აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმების უფლებაც.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამარხების ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს. შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.