პიტერ სტანოს პასუხი კითხვაზე, რატომ არ აქვს ევროკავშირს ისრაელში სასამართლო რეფორმაზე იგივე რეაგირება, როგორიც საქართველოსთან მიმართებაში - საქართველომ გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, მხოლოდ ერთი კანონით კი ორი პრიორიტეტი დაარღვია
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, ევროკავშირმა ამის საპასუხოდ განსაზღვრა 12 პრიორიტეტი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი, მგონი, ცხადია, რატომ გვქონდა ევროკავშირს რეაგირება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
პიტერ სტანოს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ისრაელში მიმდინარე აქციებზე და იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება საქართველოში ინიცირებულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე.
„როდესაც ჩვენ გვქონდა რეაგირება უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე საქართველოში, ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი, რადგანაც საქართველომ აჩვენა ინტერესი, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა და ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. მგონი, ცხადია, თუ რატომ გვქონდა ევროკავშირს რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.