პიტერ სტანო - რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, ევროკავშირი მკაცრად გმობს თავდასხმებს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაადამიანური და უკანონო აგრესია
ევროკავშირი რუსული მხარის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვას გმობს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პიტერ სტანო აღნიშნავს, მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმები ომის დანაშაულია და ყველა დამნაშავე ან დანაშაულის თანამზრახველი ქმედებებზე პასუხს აგებს.
„რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტანტინოვკას ბაზარის ტერიტორიაზე დღევანდელი საზარელი და ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, და დაშავდა ათობით სხვა ადამიანი. ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაადამიანური და უკანონო აგრესია“, – აღნიშნავს სტანო.
სტანომ ასევე გაიხსენა რუსეთის დარტყმები სამხრეთ უკრაინაში, რაც, მისი თქმით, ცხადყოფს, როგორ „აღრმავებს რუსეთი სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომით“.
რუსეთმა კონსტანტინოვკას ცენტრალურ ბაზარზე 6 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში იერიში მიიტანა.