პიტერ სტანო - ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკურ ლიდერების დაშინებისა და მათზე თავდასხმების შესახებ მზარდი ცნობების გამო
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების აქტების შესახებ მზარდი რაოდენობის ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს ეს ნეგატიური მოვლენები, გულდასმით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ენის გამოყენებისგან, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
ევროკავშირი, ასევე, კვლავ შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც არაზუსტია და არ შეესაბამება საქართველოს მიერ გაცხადებულ მისწრაფებებს ევროკავშირისადმი და რომლებიც უარყოფითად აისახება საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.
ევროკავშირი ამჟამად განიხილავს რეაგირების ყველა ვარიანტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას.
ევროკავშირი განაგრძობს ქართველი ხალხის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ მათი უმრავლესობის არჩევანის გვერდით დგომას“, – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.