პიტერ სტანო - ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს
ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს. ისინი ბათილად ითვლება და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგები. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. რუსეთის შეჭრიდან და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ევროკავშირი ხაზს უსვამს თავის პოზიციას – ყირიმი არის უკრაინა“, – წერს სტანო.
ამასთან, როგორც პიტერ სტანო განმარტავს, ომის დასასრულებლად ერთი გზა არსებობს, რომ რუსეთმა გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
8 სექტემბერს რუსეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი რუსეთის ფედერაციის 89 შემადგენელი ერთეულიდან 83-ში გაიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილია, ხოლო თავად „არჩევნები“ – არალეგიტიმური.