პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითოეული ქვეყნის ეროვნული ხელისუფლების მიერ მიიღება.
ამასთან, ბრიუსელში აცხადებენ, რომ კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.
„შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ჩვენ არ ვიღებთ უსაფრთხოების არანაირ დამატებით კონკრეტულ ზომებს, ვინაიდან უკვე ვმუშაობთ გარემოში, რომელიც ძალიან სარისკოა. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი განაგრძობს თავის აგრესიას მთელ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმების გზით, ამიტომ ჩვენ ვმოქმედებთ ამ გარემოებებში იმ მზადყოფნის დონით, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის საელჩომ მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო კიევში მუშაობა შეაჩერა. უკრაინის დედაქალაქში საელჩოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის დიპლომატიურმა მისიებმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ თავდასხმას აწარმოებს „განსაკუთრებულად მასირებული დარტყმის საფრთხის შესახებ ყალბი შეტყობინების გავრცელებით“.