პიტერ სიიარტომ ანდრეი სიბიგას მიმართა - შეწყვიტეთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შეტევა, ეს ჩვენი ომი არ არის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიგას განცხადებას გამოეხმაურა.
სიიარტომ უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე შეტევა.
„შეწყვიტეთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შეტევა! ეს ჩვენი ომი არ არის!“ – დაწერა სიიარტომ.
მანამდე ანდრეი სიბიგამ პიტერ სიიარტოს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და განაცხადა, რომ უნგრეთმა არ უნდა უთხრას უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას, რადგან ის უკრაინის პრეზიდენტია და არა – უნგრეთის.
სიბიგას ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს მოჰყვა, სადაც სიიარტომ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა. სიიარტომ მოუწოდა ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა და დაასრულოს უნგრეთის „ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები“.