პიტერ სიიარტო - „ვიზეარი“ ძალიან კმაყოფილია საქართველოში არსებული პირობებით, შემთხვევით არ მომხდარა, რომ ქუთაისში ბაზა გახსნეს
„ვიზეარი“ ძალიან კმაყოფილია აქ, საქართველოში არსებული სამუშაო პირობებით და ხელისუფლებასთან პრობლემა არ არსებობს, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“.
„სიტუაცია ნათელია. ტურიზმი და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია ორი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა. ევროპაში თითქმის, ყველა ავიახაზებმა შეაჩერა მუშაობა, უმრავლესობამ მაინც და „ვიზეარიც“ ასე მოიქცა. ისინი ძალიან კმაყოფილი არიან აქ, საქართველოში არსებული სამუშაო პირობებით. შემთხვევით არ მომხდარა, რომ აქ, ქუთაისში ბაზა გახსნეს. არც ის ყოფილა შემთხვევით, რომ 36 სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდნენ ევროპაში, 19 ევროპულ ქვეყანაში და უნდათ, ეს გააგრძელონ.
დღეს აღმასრულებელ დირექტორს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ როგორც კი გაუქმდება შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, მაშინვე დაბრუნდებიან. იმედი აქვთ, რომ მუშაობას აგვისტოდან განაახლებენ. გვესმის, რომ ბევრი ჭორია, ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება კომპანიის შესახებ, მაგრამ მათ არ სურთ ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკარგვა. არ არსებობს პრობლემა ხელისუფლებასთან, არ არსებობს მთავრობასთან თანამშრომლობის პრობლემა, ესაა „კოვიდის“ შედეგი“, – განაცხადა სიიარტომ.
ამ განცხადებით პიტერ სიარტომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უნგრულ ავიაკომპანია „ვიზეარს“ პრობლემა გაუჩნდა ადგილობრივ მთავრობასთან და საქართველოში მუშაობა სწორედ ამიტომ შეაჩერა.