პიტერ სიიარტო - უნგრეთი გაერო-ს მიერ შემუშავებულ საერთაშორისო მიგრაციის შეთანხმებას გამოეთიშება
უნგრეთი გაერო-ს მიერ შემუშავებულ საერთაშორისო მიგრაციის შეთანხმებას გამოეთიშება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. დიპლომატის თქმით, დოკუმენტი საღ აზრს და უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ შეთანხმებაში მიგრაცია ადამიანის უფლებად არის მოხსენებული, ეს კი ოფიციალური ბუდაპეშტისთვის მიუღებელია.
ამასთან, უნგრელმა დიპლომატმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ დოკუმენტს იურიდიული პასუხისმგებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ, უნგრეთი დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე კი შეთანხმების წინააღმდეგ მისცემს ხმას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებმა დოკუმენტი Global Compact for Migration-ი გასულ კვირას წარადგინეს. შეთანხმებას, რომელიც მიზნად მიგრაციის გლობალური პოლიტიკის შემუშავებას და საერთაშორისო გამოწვევის აღმოფხვრას ისახავს, ხელი დეკემბერში, მაროკოში უნდა მოაწერონ.
უნგრეთის ხელისუფლება მიგრაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს. ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირის კვოტების საფუძველზე მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს. 2015 წელს კი სერბეთისა და ხორვატიის საზღვართან კედლები ააშენა, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი მიგრანტებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.