პიტერ სიიარტო - უნგრეთი მხარს არ დაუჭერს 500 მილიონი ევროს ტრანშის გაცემას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად, ვიდრე კიევი ომის სპონსორთა სიიდან არ ამოიღებს უნგრულ OTP ბანკს
ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 3,5 მილიარდი ევროთი უკრაინისთვის რესურსების გაზრდაზე. „ევროპული მშვიდობის ჩარჩოს“ უნგრეთმა თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მიიღო იურიდიული გარანტია ამ ფინანსური ბაზის „გლობალური ბუნების“ შესანარჩუნებლად. ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ „ევროპული მშვიდობის ჩარჩო“ ამოწურვის ზღვარზე იყო, რადგან წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოიყენეს თითქმის ექვსი მილიარდი ევრო უკრაინაში იარაღის მიწოდების ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
ამავდროულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „უზარმაზარი ზეწოლა იყო“. პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დამატებით დაფინანსებას. მისი განმარტებით, უნგრეთის მთავრობას მკაფიო პოზიცია აქვს და ვიდრე უმსხვილესი უნგრული ბანკი კიევის სიაში ომის სპონსორთა შორის იქნება, უნგრეთი არ დაუჭერს მხარს დამატებით 500 მილიონით დაფინანსებას იარაღის მიწოდებისთვის.
„თითქმის ყველა მონაწილემ მოითხოვა კიდევ 500 მილიონის გადახდა, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა უკრაინაში იარაღის მიწოდებისთვის, მაგრამ უნგრეთმა ეს არ დაამტკიცა. თუ იარაღის გადაზიდვისთვის მათთვის ასე მნიშვნელოვანია დამატებითი 500 მილიონი ევროს გადახდა, მათ უნდა ამოაღებინონ უკრაინელებს OTP ბანკი ამ სიიდან“, – აღნიშნა სიიარტომ.
სიიარტოს თქმით, OTP ბანკი არანაირად არ არღვევს საერთაშორისო კანონებს.
„უნგრეთი კვლავ არ დაამტკიცებს „ევროპული მშვიდობის ჩარჩოსთვის“ 500 მილიონი ევროს მომდევნო ტრანშის გაცემას უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების დასაფინანსებლად, ვიდრე კიევი ომის სპონსორთა საერთაშორისო სიიდან არ ამოიღებს OTP ბანკს, რომელიც არანაირად არ არღვევს საერთაშორისო კანონებს“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ ვითარებას მარტივად გადალახავს.
„თუ მოინდომებს, ერთ წუთში შეუძლიათ სიიდან ამოღება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ სურთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.